ala-din's blog

ala-din
48, Tbilisi, Γεωργία

ზღვისფერი გაქვს თვალები და, თავათ ჰგავხარ ზღვას,
თუ არ შეგებრალები და, მითხოვდები სხვას,
მივატოვებ გაზაფხულზე თესვასა და ხვნას,
გადავლხავ ადიდებულ ჭოროხსა და მტკვარს,
ცეცხლს გავატან შენს სამყოფელს, შენს სიყვარულს ქარს,
და მოგკილავ მოღალატევ, მაგ ნაფერებ ქმარს...
ზღვისფერი გაქვს თვალები, და თავად ჰგავხარ ზღვას.




კონსტანტინე გამსახურდია


არყით აღგზნებული კაცის გონებაში ბინდი ისადგურებს, მისი ენა სიმახინჯისა და დაუნდობლობის ენაა. ღვინით აღგზნებული კაცის გუნებაში ნათელი დგება, მისი ენა სილამაზისა და სიყვარულის ენაა. არაყი - მსჯავრია, ღვინო - მიტევება. განგებამ ღვინის სიყვარული გვიბოძა, რომ ჩვენი აზრისათვის მშვენიერება და სიკეთე მიენიჭებინა. ფიქრისა და საუბრის სარბიელად სუფრა მოგვიჩინა, სუფრავე დაგვითქვა ადგილად, სადაც ერთმანეთისათვის მხოლოდ კეთილი სურვილი ითქმის და საგნისათვის მხოლოდ პირუთვნელი შეხედულება. ქართული სუფრა ქართულ სიმღერას ჰგავს: სხვადასხვა ხმაზე ვმღერით და კონტრაპუნქტში ვერთიანდებით. არ არსებობს თანხმობა იმ თანხმობაზე დიდი, რომელიც აზრთა სხვადასხვაობით მიიღწევა.



ჭაბუა ამირეჯიბი



ზოგს ჰგონია, რომ ნამდვილი პატრიოტიზმი ეწინააღმდეგება კოსმოპოლიტიზმს, მაგრამ ეს შეცდომაა. ყოველი ნამდვილი პატრიოტი კოსმოპოლიტია ისე, როგორც ყოველი გონიერი კოსმოპოლიტი (და არა ჩვენებური) პატრიოტია. როგორ? ასე, - რომელი ადამიანიც თავის ერს ემსახურება კეთილგონიერად და ცდილობს თავის სამშობლო აღამაღლოს გონებრივ, ქონებრივ და ზნეობრივ, ამით ის უმზადებს მთელს კაცობრიობას საუკეთესო წევრებს, საუკეთესო მეგობარს, ხელს უწყობს მთელი კაცობრიობის განვითარებას, კეთილდღეობას. თუ მთელის ერის განვითარებისათვის საჭიროა კერძო ადამიანთა აღზრდა, აგრედვე ცალკე ერების აღზრდაა საჭირო, რათა კაცობრიობა წარმოადგენდეს განვითარებულს ჯგუფსა; თუ კერძო ადამიანისათვის არის სასარგებლო აღზრდა ნაციონალური, ინდივიდუალური, აგრეთვე ყოველის ერისათვისაა სასარგებლო ასეთივე აღზრდა, რათა ყოველმა ერმა მომეტებული ძალა, ენერგია, თავისებურობა გამოიჩინოს და საკუთარი თანხა შეიტანოს…


ბალღები სუფთა იბადებიან, ადამიანებს მერე გვემღვრევა სული. თანდათან ცოდვებით მღვრიე ცხოვრებას ვუერთდებით და იმადა. იმ ხდის წყალივით მეტი გზა არა გვაქვს. პეშვით შავსვი სუფთა წყალი და წამოვე. იმ დღის მერე ვსვამ ამ სადღეგრძელოს, რაიც იმ გაგებაჩი გამაიხატება, რომ მანამ სული სუფთა გვაქვს, გული სუფთა გვაქვს, სუფთა საქმეებს ვაკეთებთ და ისე არ ავიმღვრევით, რო ვეღარ ვგებულობთ, საით მივდივართ, რატო და რისთვის მივდივართ, მანამდე გაგვიმარჯვას.



გოდერძი ჩოხელი


ტანს გეტმასნება სველი ალერდი.
ჭვირვალი კაბა გიმხელს თეძოებს.
და აზიდული მაღალი მკერდით
მიეფინები მწვანე ეზოებს.
დაქნილი ფრჩხილით ტაროებს კორტნი
და ტაროც ხვდება ძუძუს რძიანი.
გაკოცებს ხავო სიმინდის ყლორტი -
და ატევრილი სხეულმზიანი
როგორც ავაზა
შენ ტანმხურვალი
დაეძებ კუროს -
რომ დაგიურვოს...
გხედავ და ვიცი: შენი კუნთები
დათესლილია ჩემი სურვილით.
წამოვიწევი... შენ გაბრუნდები
გადალეწილი მხეცის წყურვილით -
და გავარდები...
დაგედევნები...
თეთრი მუხლები თითქო ჰკივიან:
შენი ვარ შენი მოდი გევნები.
მეც დაგეწევი და ცხელწვივიანს
აგიყვან ხელში
და გადაგისვრი დიდ საწნახელში -
რომ შენი ტანით დავსრისო მაგრად
მწიფე მტევნები...
მაგრამ თვალები -
თვალები - თვალები: -
უნდობი ტალღა და ხვლიკი ლუში.
ათასი ქალი…


ტანო ტატანო, გულწამტანო,
უცხოდ მარებო!
ზილფო, კავებო, მომკლავებო,
ვერსაკარებო,
წარბ-წამწამ-თვალნო, მისათვალნო,
შემაზარებო,
ძოწ-ლალ-ბაგეო, დამდაგეო,
სულთწამარებო,
პირო მთვარეო, მომიგონე
მზისა დარებო!
თვალთა ნარგისი, დამდაგისი,
შეგშვენის მწველად,
ყელსა ბროლისა, უტოლებსა,
გველი გყვა მცველად,
გეხსნეს ხალები, მაკრძალები,
ამარტის ველად,
ნარინჯნი ორნი, ტოლნი, სწორნი,
მიქმოდენ ხელად,
მიწვევენ შენად შესამკობლად,
დამამწარებო!
ალვაო, გესხნეს ორნი ნორჩნი
მოსარხეველნი,
ზარიფსა წელსა დაეკვირნეს
ქვეყანად მვლელნი,
ოდეს გნახვიდი, შევიმატნი
ათასნი წელნი.
აწ დამლევიან ყოვლნი დღენი,
უცხო ვარებო.
ბაგემდუმრიად გიალერსებ,
ბაგეო ვარდო!
თვალთა სურიან ხილვა შენი,
კეკელა მარდო!
გულსა სწყურიან დამაშვრალსა
რას შეგაფარდო?
თუცა შენ დაგთმო, ვინღა ვპოვო,
სად გავიზარდო?
უშენოდ ხილვა არვისი მსურს,
შევიზარებო.
შენმა გონებამ მიმამსგავსა
მილეულს მთავრეს,
სიცოცხლის ნაცვლად მოვინატრი
სიკვდილსა მწარეს.
მოდით, მიჯნურნო, შემიბრალეთ,
მოვლეთ ჩემს არეს,
მკვდარი მიჯნური დამიტირეთ,
დამფალთ სამარეს!
ვაჰ, სიცოცხლეო უკუღმართო,
დანაცარებო!


ბესიკი


დამარხულ არს ენაჲ ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა მისისა[1] საწამებლად, რაჲთა[2] ყოველსა ენასა ღმერთმა ამხილოს ამით ენითა.

იოანე ზოსიმე


ამ ქვეყნად არც რაინდია ისეთი, რომელსაც რისამე წინაშე შიში არ ეგრძნოს ოდესმე, არც თუ ბრძენია სადმე, ერთხელ მაინც სისულელე არ ეთქვას.


კონსტანტინე გამსახურდია


რადგან ჩვენს დროში არვინ ფასობს ჭკუა-გონებით,
მხოლოდ უგნურნი ნებივრობენ ქვეყნის ქონებით,
მომეცი ღვინო, ისეთი რომ ჭკუა წამართვას,
ბედი მომხედავს და უთუოდ მოვეწონები...




ომარ ჰაიამი
(ყიას ედ-დინ აბუ-ლ-ფათჰ ომარ იბნ იბრაჰიმ ხაიამ ნიშაბურელი)


ღმერთმა ჩემზე მოიცალა,
მცირე რამც არ მაპატია,
ყველას მისცა სიხარული,
მე კი- ერთი ნაბადია.
ჩემთვის კვირა არ თენდება,
ყოველი დღე შაბათია,
უპატრონოდ ვხეტიალობ,
ჩემი მოძმე ნაბადია.
ცოცხალი ვარ, ეკალს მესვი,
მკვდარს ვარდს ნუღარ დამადვია.
ზედ კუბოზედ დამაფარეთ,
ჩემი შავი ნაბადია.
ბედმა ქვეყნად ვერ მიპოვა,
მის ზღვაში ვერ ჩამატია,
ზამთარ-ზაფხულ მე მინახავს
ჩემი შავი ნაბადია.
იეთიმ-გურჯსა ამა სოფლად,
არაფერი აბადია,
ერთმანეთსა არ ვშორდებით
მე და ჩემი ნაბადია!




იეთიმ გურჯი
(იეთიმ იბრაიმის ძე დაბღიშვილი)


Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά