ფსიქოლოგია
37, Tbilisi, Γεωργία

უძველეს დროში ცხოვრობდა ერთი ახალგაზრდა, რომელიც ოცნებობდა რომში მოხვედრაზე, რადგან იცოდა რომ ის იყო დიადი ქალაქი, სადაც იყო უამრავი შესაძლებლობები ადამიანისთვის. იქ შეიძლებოდა ბრწყინვალე კარიერის გაკეთება, გამდიდრება, ოჯახის შექმნა და ბედნიერად ცხოვრება.
და აი ერთხელ დაადგა გზას. ბევრი იარა თუ ცოტა, მიადგა გზაჯვარედინს.– ახლა რა ვქნა? რომელი გზა უნდა ავირჩიო?–ჩაფიქრდა ახალგაზრა.
– თუმცა რა მნიშვნელობა აქვს, ყველა გზა ხომ მაინც რომში მიდის! – წამოიძახა მან ბოლოს და გააგრძელა სიარული პირდაპირ.
იარა, იარა და მიადგა ჭაობს, მან იფიქრა, რომ გზის არჩევაში შეცდა და დაბრუნდა უკან, გზაჯვარედინთან. ცოტა ხნით ფიქრის მერე, წილი ყარა და დაადგა მეორე გზას. იარა, იარა და მოხვდა უღრან ტყეში.
– აქ ხომ ნადირი დამგლეჯს!– თქვა მან და დაბრუნდა ისევ გზაჯვარედინთან.
ახლა უკვე კარგად დაფიქრდა, დაზვერა ყოველი გზის მიმდებარე ტერიტორია, გაანალიზა მიღებული ინფორმაცია, ამოირჩია ერთ–ერთი გზა და დაადგა მას.
იარა, იარა და მოხვდა უდაბნოში, ირგვლივ მხოლოდ ქვიშა და ქარია… ამ უდაბნოში ბევრი ხეტიალის შემდეგ, ის «მიხვდა» რომ შეცდა: – რამდენი დრო და ენერგია დავხარჯე ტყუილუბრალოდ, რატომ მაშინვე არ მივხდი რომ დავბრუნებულიყავი? თუმცა არც ახლაა გვიანი… და დაბრუნდა!
ასე იარა ამ კაცმა წლების განმავლობაში, სანამ არ დაბერდა… თუმცა, ბოლოს და ბოლოს, რომში მაინც ჩააღწია.
ხედავს – დიდებული ქალაქია, ულამაზესი შენობები, უამრავი ხალხი, უამრავი შესაძლებლობები, ოღონდ ახლა რაღა დროსია – ის უკვე ძალიან მოხუცია!

მივიდა ეს კაცი ხალხთან, გაესაუბრა მათ და დაუწყო გამოკითხვა, თუ ვინ როგორ მოხვდა რომში.
– მე მოვდიოდი დიდხანს, – დაიწყო ერთმა, – მომიწია ჭაობებში ხეტიალი, კინაღამ დავიღუპე, მაგრამ არ დავნებდი, ბოლოს როგორც იქნა გამოვაღწიე და ჩამოვედი აქ. ვინაიდან ვიყავი ახალგაზრდა, ჯანღონით სავსე, შევძელი კარიერის მოწყობა, საყვარელ ქალზე დაქორწინება, გამდიდრება და ახლა ვცხოვრობ ბედნიერად!
– მეც ბევრი ვიხეტიალე სანამ აქ მოვხვდებოდი, – თქვა მეორემ. – ოღონდ მე უდაბნოს მცხუნვარე მზესთან, ქვიშასა და ქართან მომიწია გამკლავებამ, მაგრამ არ დავნებდი და მაინც მოვხვდი ამ ქალაქში, სადაც შევძელი კიდევაც წარმატების მიღწევა!
– მე კი ტყე–ღრეში მომიწია წლობით ხეტიალმა, რამოდენიმეჯერ კინაღამ ნადირმა დამგლიჯა, მაგრამ მაინც მოვაღწიე აქამდე ჯერ კიდევ ჯანღონით და ენერგიით სავსემ და არ გამჭირვებია ამ ქალაქში თავის დამკვიდრება!
– მე კი…– წამოიწყო მეოთხემ… მაგრამ კაცი უკვე აღარ უსმენდა.
ის იქვე ჩამოჯდა ქვაზე, თავზე ხელები შემოიჭდო და… ატირდა!
ის მიხვდა, რომ ტყუილუბრალოდ დაკარგა ახალგაზრდობის წლები აქეთ–იქით ხეტიალში. თურმე ყველა გზა მართლაც რომში მიდიოდა!
უბრალოდ საჭირო იყო ერთი რომელიმე მათგანის ამორჩევა და მისი ბოლომდე მიყოლა..

 
Σχόλια

Δεν υπάρχουν ακόμα σχόλια.
Πρόσθεσε ένα σχόλιο για να ξεκινήσεις τη συζήτηση!

Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά