ზღვა, მთა, თუ აივანი?
40, Kutaisi, Γεωργία

მრავალი საუკუნის მანძილზე ყალიბდებოდა მდედრის ფსიქიკა; ბუნებრივი ქალი სუსტად დაბერილი მრგვალი ბურთივითაა: თუკი დააწვებიან, ფორმას შეიცვლის; ქალის საიდუმლოებაც აქ არის: მამაკაცი ქალს თავს ისე უნდა დასტრიალებდეს, ბუნებრივი მდგომარეობა არ შეეცვალოს, ვინაიდან ბურთისგან განსხვავებით ფორმაშეცვლილი ქალი დიდხანს ვერ ინარჩუნებს არსს.

უფრო ცოდოა ქალი, როცა მას ვერ იცავენ და თავის სარჩენად უცხოეთში გადახვეწა თუ ქალისთვის შეუფერებელი სხვა სახის ქმედება უწევს; ამ დროს ქალი იმედგაცრუებულია თავისი მამაკაცის გამო (სხვა შემთხვევაა, როცა ქალი თავისით მიდის, ან ისე იქცევა, რომ მისი წასვლა გარდაუვალია); გულნატკენ ჩვეულებრივ ქალთა დიდ ნაწილში უარყოფითი ემოცია იმარჯვებს - გულნატკენ ქალს მამაკაცის ღალატიც შეუძლია თუკი სხვათა (მშობელი, შვილი...) ღირსებაზე არ ფიქრობს - იმედგაცრუებული თავის გადარჩენაზე ზრუნავს.

შდრ.:ბუნებითი არსიდან "ლტოლვილ" ადამიანთა მცირე ნაწილი დიდსულოვნებას იჩენს: არც თუ იშვიათად, ძლიერ ქალს შეუძლია სუსტი კაცის ფიზიკური ერთგულება; გულისტკენის შემდეგ მხოლოდ იშვიათად დიდსულოვან ქალს შეუძლია გიერთგულოს, რამდენადაც მიტოვებულმა ქალმა "გენეტიკურად" იცის, რომ დაიღუპება, თუკი ორსულობისას დაუცველი იქნება:

ფეხმძიმობისას ქალმა არამხოლოდ ჭიპიდან შესული ჰაერით უნდა ასუნთქოს შვილი, თავის სისხლის მიმოქცევაშიც უნდა ჰყავდეს ჩართული; ფეხმძიმობის ბოლო პერიოდში ქალი თავისით ვერ მოიპოვებს საკვებს და მას ესაჭიროება შვილის ისეთი მამა, რომელიც ამ დროს ასაზრდოებს მას თავის მუცლადმყოფ შვილთან ერთად... როცა ქალი ამის პერსპექტივას ვერ ხედავს, ის გადის თავისი არსიდან და უბედურდება (არა მხოლოდ უცხოეთში გადახვეწით); ამიტომ: ღირსეული მამაკაცი ფეხმძიმე ქალს ბედისანაბარა ვერ მიატოვებს.

შდრ.:

ორსულობის პერიოდი დედა-შვილის ხორციელ-სულიერი თანაარსობის ჰარმონიაა. ფეხმძიმობისას ქალი ფიზიკურად დაუცველია; ეს ბუნებრივი, ორგანული, გენეტიკური "სისუსტეა" და, ასევე, ბუნებრივია ქალის სურვილი, მემკვიდრის მამა იყოს მისი მფარველი/პატრონი; ამიტომაა, რომ ქალის სიყვარული ქვეცნობიერად მაინც მასზე ჭკვიანის, ძლიერის (სულიერად, ინტელექტუალურად, ფიზიკურად...) ძიება /რომ თავის დაცულად იგრძნოს/. ზნეობრივ ქალს სურს, რომ თავისი შვილი ძლიერი იყოს; შესაბამისად, ძლიერ მამაკაცს ეძებს, რომ სიკვდილამდე უერთგულოს მასაც და მის შვილსაც; ზნეობრივი ქალი ერთგული მეუღლეა, ტაძარია (შდრ.: შვილები - მლოცველები, მამა კი - ოჯახის უფალი, მფარველი)[5] და საუკეთესო სწორფერიცაა.

ჩემი მსჯელობა თუ ფიქრი ხუთ შემაჯამებელ მსჯელობად შეიძლება ჩამოვაყალიბო:

1. უძველესი დროიდანვე ქართველისათვის ქალიცა და კაციც თანასწორუფლებიანი მოვლენებია: ორივე უფლის მიერაა შექმნილი, ორივეა გონიერი, ორივეა პატრონი დედამიწისა, ისინი სწორ ფერნი არიან, ოღონდ:

ქალი - სათუთი სულისაა და მშვენიერი, ნაზი სხეულითაა მოსილი, და უფრო ამტანია; მამაკაცი კი ძლიერია, რომ შვილიერების წიაღი და თოთო ახალშობილი დაიცვას, უსუსურად მყოფი დედა-შვილი ასაზრდოოს; ქალისგან უტკბილესი სასიცოცხლო მხარდაჭერა შეინარჩუნოს;

2. ქართულ ფილოსოფიასთან, ქართულენოვან მსოფლაღქმესთან (დედა-კაცი; მამა-კაცი) ძალიან ახლოსაა ქრისტიანობა, როგორც ქალის როლის წარმომჩენი რელიგია (ღვთისმშობელი, მარიამი, მართა...); შემთხვევითი არაა, რომ წარმართმა[6] ქართველობამ ქალისგან - წმინდა ნინოსგან - მიიღო სამარადჟამო რწმენა; ძველი კოლხური გამორჩეული ღვთებაც ქალი ყოფილა... "ლეკვი ლომისა სწორია..." - ეს საოცარი გენდერული აფორიზმიც ყველაზე ადრე საქართველოში იშვა და ტერმინი "სწორფერიც", სწორფერის მისტერიაც საქართველოში გაჩნდა;

3. ერთი მხრივ, ქალი, როგორც ხორციელი ვნების უმაღლესი მიზიდულობა და, მეორე მხრივ, ადამიანური/ზნეობრივი ვალდებულება, მამაკაცის ცნობიერებაში მუდმივად არსებული უმთავრესი ოპოზიციური წყვილია (ხორციელი მე და მორალურ-ზნეობრივი მე); ამ ჭიდილში ყალიბდება ნამდვილი მამაკაცი; ამავე ჭიდილში იძერწება უფრო მაღალი დონის მამაკაცი: სწორფერობის შემძლე ღირსეული მამაკაცი... შემთხვევითი არ არის, რომ ხევსურულ ფოლკლორში ვერ დაძებნით კონფლიქტს სწორფერსა და სწორფერის მეუღლეს (ცოლს, ქმარს) შორის: სწორფრობა იმდენად საკრალური იყო, რომ ქმარსა და ცოლის სწორფერს შორის, ანდა, ცოლსა და ქმრის სწორფრს შორს გამორიცხული იყო დაპირისპირება.

4. ქალური ბედნიერება სრული მხოლოდ მაშინაა, როცა ისეთ ძლიერ მამაკაცს ხვდება, რომელიც მისი სულის ყველა წახნაგში ფაქიზი გზებით აღწევს და მის ხორციელ არსსაც ყოველმხრივ იცავს; მამაკაცური ბედნიერება კი სრული მაშინაა, როცა მის ცნობიერებაში შემოსული ქალური ჰაეროვნება მხოლოდ სიყვარულითა და გულწრფელობით არის შეზავებული; მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეიძლება დახასიათდეს ორი საპირისპირო სქესის ურთიერთობა სიტყვით: ჰარმონიული ორი ნახევარი; აქ ორგვარი განვითარებაა:

- წყვილს ხორციელი ვნებაც სრულად რეალიზებული აქვს (თუმცა, ზოგჯერ: მთაში ოჯახი რომ გადარჩეს, ცოლ-ქმრობა პრაგმატული არჩევანია);

- წყვილის ხორციელი ვნება კონტროლს სრულად ექვემდებარება - ვგულისხმობთ სწორფერობას; ამ შემთხვევაში გვაქვს ურთიერთთავსებადი ცნობირებისა თუ ბიოველის (სულის, სურნელის...) მქონე თავისუფალი ნების ქალისა და მამაკაცის ხორციელებაზე ამაღლებული სიყვარული - რომანტიული უწყვეტი "ცეცხლი" (ემოცია) მთის ურთულეს (მძიმე შრომა, სისხლიანი ბრძოლა, უსაშველო , ხიფათიანი ზამთარი...) წუთისოფელში; საბოლოო ჯამში, გაღვთიურებული სიყვარული უკიდეგანო მძიმე ყოველდღიურობაში არსებულ რომანტიულ "კუნძულზე" (სწორფერის ველში); მოკლედ რომ ვთქვათ, სწორფერის სარეცელი რომანტიული თავშესაფარია მძიმეცხოვრებიანი ადამიანისთვის.

5.შეყვარებულთა შორის სრული სულიერი, ცნობიერი და ხორციელი ჰარმონიაა; ზოგადად, შეყვარებულ წყვილში მამაკაცი უფრო ძლიერია; იგი ქალის სულის ყველა წახნაგში ფაქიზი გზებითაა შესული და მამაკაცურ აღქმაში ქალი უნაზეს სიყვარულადაა შეწნული; ქალი მხოლოდ ამ დროსაა ნებით დამორჩილებული; სწორფერთა შემთხვევაში ხორციელი ვნება თავშეკავებას ექვემდებარება: მორალი აღემატება ვნებას; ხორცზე ამაღლების პროცესში ქალი გაცოცხლებული ფრესკაა, მამაკაცი კი - ღირსების ცოცხლად შემგრძნობი (დათმენის გამო): "ღვთიურ არს სიყორულ; ხორციელ იგემებ – მოჰკლავ მას; იწვოდ მხოლოდ!“ - ვკითხულობთ გრ. რობაქიძესთან; მართლაც, სწორფრობა წრთობის გზაზე უტკბილესი წამებაა, უფრო ზუსტად თუ ვიტყვით: ხორციელი დათმენით ღირსების ამაღლებაა; ამიტომაა, რომ სწორფერთა სიყვარული არ ცვლის მშობლის, ცოლ-შვილის, დედმამიშვილის... სიყვარულს; შესაბამისად, სწორფერის სიყვარული არაა რომელიმე მათგანის ალტერნატივა თუ ღალატი (გრიგოლ რობაქიძე ცოლ-შვილიან და ქმარ-შვილიან მუხუცებულ სწორფერთაც შეგვავლებინებს თვალს, რომლებიც, როგორც დიდი ხნის მეგობრები და უკვე წლებისგან ვნებადაცლილნი, ეალერსებოდნენ ერთმანეთს).

ზოგადად, სიყვარული სამ სახესხვაობად შეიძლება წარმოვადგინოთ:

- ვნებიანსიყვარულიანი ზნეობრივი წყვილი; როგორც წესი, ოჯახის შექმნისკენ მსწრაფავი (ზოგჯერ, ტრაგიკულადაც მთავრდება: რომეო და ჯულიეტა). არაიშვიათად, ოჯახური საქმიან-პრობლემური გარემო (შვილები, მშობლები, ყოველდღიურობა...) ვნებას ანელებს, მაგრამ ერთგული ადამიანების ოჯახი მაინც ლამაზია; იშვიათად, ყოველდღიურ ოჯახურ ყოფაშიც ნარჩუნდება ძლიერი ხორციელი ლტოლვაც (ვნებაც) და ადამიანური მეგობრობაც, რომელის დუღაბს შვილებიც ქმნიან; ასეთ შემთხვევაში წყვილის სიყვარული უმაღლეს ამქვეყნიურ სიმაღლეს აღწევს.

- სწორფერობა - დიდ სიყვარული - სიღრმისეული მეგობრობა და უხანგრძლივესი ალერსი სექსის გარეშე [8]; ოჯახური რუტინისგან თავისუფალი სწორფერის სიყვარულის ბოლო ეტაპია დობილ-ძმობილობა ან ე.წ. დისტანციური ტრფობა - სიყვარული და მეგობრობა ყოველგვარი ხორციელი კონტაქტის გარეშე ("პლატონური სიყვარულის" საუკეთესო ვარიანტი)[7]...

შემთხვევითი არ არის, სწორფერობა - თავისუფალთა თავისუფალი სიყვარული - მთაში იშვა: მთის გრძელ ზამთარს მხოლოდ ძლიერი აიტანს; ადამიანური ძალა, როგორც წესი, სხვა ადამიანთან ერთობაზეა დამყარებული: მთის ხანგრძლივი ზამთარი, იგივე ამქვეყნიური ცხოვრების სიცივეა; ამ სიცივეს მხოლოდ ძლიერი სიყვარულით გაუძლებს ადამიანი: აკრძალული ვნება დიდ სიყვარულს ახანგრძლივებს.

- ხორციელ ვნებაზე სრულად ამაღლებული სიყვარული - ასეთი მაღალი რანგის ურთიერთობა ძალუძთ მხოლოდ "ხორციელი მეს" საკუთარ არსშივე დამრთრგუნავ ბერ-მონაზვნებს - საკუთარ ხორციელ საწყისთან ჭიდილში (ქალის სრული უარყოფით) იძერწება მამაკაცის უმაღლესი გამოვლინება - ბერი (მაგ., წმინდა ილია მართალის "განდეგილი"). ბერმონაზვნობა - ადამიანის ხორციელ-ცხოველური სამყაროს მაქსიმალური უარყოფა და ღვთიურ-ადამიანური არსის უმაღლესი გამოვლინება.

 
Σχόλια

Δεν υπάρχουν ακόμα σχόλια.
Πρόσθεσε ένα σχόλιο για να ξεκινήσεις τη συζήτηση!

Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά