პიესა , რომანი, დიალოგი, მონოლოგი
40, Kutaisi, Γεωργία


დიალოგისა და მონოლოგის ურთიერთქმედების საკითხისთვის

თანამედროვე რომანებმა შექმნეს იმის საშიშროება, რომ ადამიანები გადაეჩვეოდნენ ტექსტის ინტერესით კითხვას. იმავდროულად მათ იმდენი საინტერესო თავისებურება გამოავლინეს, რომ, საბედნიეროდ, ეს არ მომხდარა. ერთ-ერთ ამგვარ თავისებურებად განვიხილავთ ენობრივი სტრუქტურის ფორმების - დიალოგისა და მონოლოგის - განსხვავებულ ურთიერთქმედებას, კერძოდ, იმას, თუ როგორ ენაცვლებიან თანამედროვე რომანში ზემოაღნიშნული ფორმები ერთმანეთს და რატომ ქრება დროდადრო მათ შორის საზღვრები. აღსანიშნავია, რომ ეს პროცესი ხშირად ქმნის დროის განსაკუთრებულ კონცეფციას - თანამედროვე რომანის ერთ-ერთ დომინანტურ თავისებურებას, რომელსაც ეფუძნება მოდერნისტული და პოსტმოდერნისტული რომანების სტრუქტურა.

XX საუკუნეში რომანმა ერთგვარი ელასტიურობა, მოქნილობა შეიძინა და საუკეთესოდ განავითარა თხრობითი ტექნიკის ისეთი სახე, როგორიც არის "შინაგანი მონოლოგი", რომლის საშუალებით შეიქმნა ახალი, კომპლექსური, არაერთგვაროვანი პერსონაჟები; ახალი ტექნიკური საშუალებები, მათ შორის, დიალოგისა და მონოლოგის სახესხვაობები.

როგორც ცნობილია, დიალოგი და მონოლოგი ერთმანეთის საპირისპირო ცნებებია. ისინი წარმოადგენენ ენობრივი სტრუქტურის საშუალებებს, რომლის მეშვეობით ავტორი თავის პერსონაჟებს ალაპარაკებს. ნაწარმოებში ავტორი მიმართავს პირდაპირ ან ირიბ მეტყველებას. სწორედ მეტყველების ამ ორი ტიპის გადანაწილებით ავტორი თავს აღწევს ერთფეროვნებას, მონოტონურობას. დიალოგის როლი შესრულებულად შეიძლება ჩაითვალოს, თუ მკითხველს შეექმნება ილუზია, რომ მოსაუბრე მიმართავს სხვა პერსონაჟს და ეს მხოლოდ მეტყველების მიზანსცენის პრეტექსტს არ წარმოადგენს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მსმენელი არ არსებობს, ნარატორის (მთქმელის) როლში თავად ნიღაბმორგებული ავტორი გვევლინება.

ცნობილია, რომ დიალოგების წერის ტრადიცია ისეთივე ძველია, როგორიც რომანისა და ეპოპეისა (მაგ. ჰომეროსის "ილიადა"). ლიტერატურა იცნობს დიალოგის ფორმით დაწერილ არაერთ რომანს, რომელშიც ჩართული წინადადებები, უბრალოდ, მოსაუბრეთა სახელების მოხსენიებით არის შეცვლილი (მაგალითად, დენი დიდროს "ფატალისტი ჟაკი"). დიალოგის ფორმით წერენ ფრანგული, ე.წ. "ახალი რომანის" წარმომადგენლები. მაგალითისთვის დავასახელებთ თუნდაც მ. დიურასის "ინგლისელ საყვარელ ქალს", რომელშიც თანამოსაუბრეთა მონაცვლეობა მითითებულია მხოლოდ ტირეებითა და ტიპოგრაფიული ნიშნებით: კურსივით, რომაული შრიფტით.

რა თქმა უნდა, ასეთი ტიპის ნაწარმოებში ადგილი არ რჩება ნარატიულ დისკურსს; იგი მთლიანად დიალოგიზებულ რომანად არის მიჩნეული. ტრადიციულ რომანში ავტორს შეუძლია კომენტარების გაკეთება პერსონაჟთა გამონათქვამებსა და ფიქრებზე. ჩართული წინადადებით მოსაუბრეების ერთმანეთისგან გამოყოფის წესს ეწინააღმდეგებიან ისეთი მწერლები, როგორებიც არიან ნ. საროტი, რ. კენო და სხვები.

დიალოგები, გარკვეულწილად, ქმნიან მიმეტურ ილუზიას. ტრადიციულ რომანში მათი განხილვა შესაძლებელია რეალურად წარმოთქმული სიტყვების წერილობით ტრანსკრიფციად. რაც შეეხება მონოლოგს, იგი ეყრდნობა მკვეთრად გამოხატულ პირობას, რომელშიც ორი შემთხვევა განიხილება:

1. პირველ შემთხვევაში პერსონაჟი ხმამაღლა საუბრობს; ამ დროს რომანი იმეორებს დრამის წესს, როცა პერსონაჟი თავისთვის აყალიბებს ფიქრებსა და შეგრძნებებს და ეს საუბარი, სინამდვილეში, მაყურებლისთვისაა განკუთვნილი. განსხვავება პიესის მონოლოგებსა და რომანის მონოლოგებს შორის, ფაქტობრივად, არ არსებობს, მაგრამ ალბათ, რეალობიდან გამომდინარე, ის უფრო ხელოვნურია. ეს იმიტომ, რომ მარტოობისას მონოლოგების ხმამაღლა წარმოთქმას მხოლოდ წამოძახილების ან მოკლე, წყვეტილი ფრაზების სახით მივმართავთ.

2. მეორე შემთხვევაში პერსონაჟი თავის ფიქრებს ხმამაღლა არ წარმოთქვამს.

ზემოაღნიშნული ორივე შემთხვევის გამოყენება რომანის ჟანრში გარდაუვალია. რომანისტს შესაძლებლობა აქვს, არა მხოლოდ აღწეროს იზოლირებული პერსონაჟი, არამედ "შეაღწიოს" კიდეც მის ფიქრებში. აქაც საქმე გვაქვს ორ შემთხვევასთან: პირველი ეხება "ნამდვილ" შინაგან მონოლოგს, როდესაც რომანისტი ითვალისწინებს წყვეტილი ფრაზების ტრანსკრიფციას, რომლებიც შემოსაზღვრავენ პერსონაჟების ცნობიერების მიმდინარეობას; ხოლო მეორე - შინაგან მეტყველებას, რომელიც აყალიბებს ლიტერატურული გმირის გონებაში ნათლად და სწორხაზოვნად აგებულ წინადადებებს, რომლებსაც ხმამაღლაც წარმოთქვამდნენ.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, მონოლოგი პერსონაჟის გრძნობებისა და ფიქრების გამოხატვის საშუალებაა, რომელსაც თანამედროვე ნარატიულ ლიტერატურაში სიტყვა "შინაგანი" დაემატა. ამ უკანასკნელმა შემოინახა სასცენო ფუნქცია, რათა ავტორისგან დამოუკიდებლად მოახდინოს ცნობიერების დრამატიზება თავისი "მუშაობის" მომენტში.

შინაგანი მონოლოგის ისტორია XIX საუკუნიდან იწყება. მისი საზღვრები და ფორმები თანმიმდევრულად იცვლებოდა იმის მიხედვით, თუ როგორ ვითარდებოდა მეცნიერული თუ ეთიკური წარმოდგენა ადამიანის ფსიქიკასა და თვითანალიზის შესაძლო ხარისხზე. თუმცა, თანამედროვე ლიტერატურისა და, მით უმეტეს, შინაგანი მონოლოგის ფესვები უფრო ღრმაა.

შინაგანი მეტყველების არსებობა რომანში შესაძლოა, ან იმის ნიშანი იყოს, რომ შემოქმედი, პირობითად, ცნობიერების ნაკადს აყალიბებს ლოგიკური და დანაწევრებული წყობით, ან დროში შეზღუდული და გამონაკლისი სიტუაციის დროს, პერსონაჟი თვითონ აძლევს ფორმას თავის ფიქრებს, მაგალითად, იმის გათვალისწინებით, რასაც ის იტყოდა განსაზღვრულ სიტუაციაში.

დიალოგური ორიენტაცია სიტყვაში ქმნის ახალ და არსებით მხატვრულ შესაძლებლობებს, რომანში კი - თავის განსაკუთრებულ პროზაულ მხატვრულობას. რაც შეეხება შინაგან დიალოგს, ის სუბიექტურ-ფსიქოლოგიურ, ხშირად კი შემთხვევით ხასიათს ატარებს. მოსაუბრე თავის აზრს ბრძანებით კილოში გამოხატავს ისე, რომ არავის არ მიმართავს. ლიტერატურაში ამგვარი მეტყველება ხშირად თვალთმაქცობაა, რაც შეიძლება აღწერილიყო, როგორც დიალოგი წარმოსახულ მოსაუბრესთან, რომელიც პუბლიკის წარმომადგენელი იქნებოდა. მონოლოგში მოსაუბრე მარტოა და თავის თავს ესაუბრება, ის არის თავისი თავის ადრესატი. არის შემთხვევები, როდესაც მონოლოგი შუა დიალოგში იკავებს ადგილს. ამ შემთხვევას განიხილავენ, როგორც აპარტეს (განცალკევებულ საუბარს).

საზოგადოდ, გმირის შინაგანი მონოლოგი უფრო მეტად ატარებს ავტორი-ნარატორის თვალსაზრისის კვალს, ვიდრე დიალოგური პირდაპირი ნათქვამი. შინაგან მონოლოგში ავტორი აღარ აჩენს პერსონაჟის ინდივიდუალობას ისე, როგორც ამას აკეთებდა დიალოგში. შინაგან მონოლოგში გმირის ფიქრების წარმოჩენისას ავტორი მთელ ყურადღებას აქცევს მათ არსს და არა ფორმას. მიიჩნევენ, რომ დიალოგისა და მონოლოგის ინტენსიურ მონაცვლეობას მიმართავენ ადამიანის სუბიექტური სამყაროსა და მისი ტრაგიზმის გადმოაცემად. ამას კი განსაკუთრებული სიმძაფრით აღწერს თანამედროვე რომანი.

 
Σχόλια

Δεν υπάρχουν ακόμα σχόλια.
Πρόσθεσε ένα σχόλιο για να ξεκινήσεις τη συζήτηση!

Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά