როგორია სიყვარულის „გენეალოგია” სხვადასხვა ასაკში
40, Kutaisi, Γεωργία

სიყვარულის ერთ-ერთი საფუძველი მოთხოვნილების დაკმაყოფილებაა. ზრდასრულ ასაკში ადამიანი ინტიმურ ურთიერთობებს აღიქვამს როგორც ფიზიკური სიამოვნებისა და სულიერი კომფორტის ერთიანობას, რაც სხვა მახასიათებლით ხასიათდება მოზარდობისა და თინეიჯერულ ასაკში. მოზარდობის პერიოდში, განსაკუთრებით გოგონებში, ფსიქოლოგიურ-ემოციური ასპექტები სრულიად განცალკევებულია ფიზიკური მოთხოვნილებებისგან. მათთვის სიყვარულის ემოციური ნაწილი გაიდეალებულია, ფიზიკური – ინტერესის მიუხედავად, მაინც შედარებით სუსტი, რაც არაა დაკავშირებული ამაღლებულ განცდებთან. ეს, ზოგადად, აღზრდისა და კულტურის შედეგია.

ბიჭების შემთხვევაში, მოზარდობის ასაკში, ეს პირიქით ხდება – მათ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ ფიზიკური მოთხოვნილების მიმართ, ცოტა უფრო „აგდებული” – სიყვარულის ემოციური მხარის მიმართ. მოზარდობის ასაკში სიყვარული სოციალური გრძნობაა. მოზარდებს ახასიათებთ კომფორმისტული დამოკიდებულება სოციუმის მიმართ, რომელშიც ტრიალებენ. ამ ასაკში მოზარდები ძირითადად ამოირჩევენ ხოლმე პოპულარულ, გამორჩეულ თანატოლს და ყველას ის უყვარდება, რაც იმითაც არის გამოწვეული, რომ მათთვის მნიშვნელოვანია სოციუმის, საზოგადოების აღიარება. თინეიჯერულ ასაკში პიროვნებისთვის დამახასიათებელია სიყვარული, რომელიც დაფუძნებულია „მონადირულ” ინსტინქტზე. ასეთ დროს, როცა ახალგაზრდა გამოსულია ბავშვობის ასაკიდან, აღარ ემორჩილება მშობლებს, ეძებს თავგადასავლებს, რაც ძირითადად სიყვარულს უკავშირდება. ამ ასაკში სიყვარული ექსპერიმენტულია. გოგონაც და ვაჟიც ცდილობენ, საწინააღმდეგო სქესის რაც შეიძლება მეტი წარმომადგენელი „მოინადირონ”, რადგან ამ ასაკში არჩევნის მრავალფეროვნების შესაძლებლობა ძალიან მიმზიდველია. ეს ხდება გულწრფელად, გაუაზრებლად; ყველა სიყვარული ჰგონიათ, რომ ის არის ნამდვილი სიყვარული; შეიძლება ითქვას, ეს ასაკი ყველაზე მძაფრი სიყვარულით არის გამორჩეული და, ცხოვრების სხვა ეტაპებთან შედარებით, ძალიან გულწრფელია. რაც შეეხება სიყვარულს სრულწლოვან ასაკში, როდესაც ადამიანს უკვე აქვს მიღებული დიდი გამოცდილება, მისგან გამოწვეული აღმაფრენა და ტკივილი, რაც ახასიათებს სიყვარულს, ეს გრძნობა უკვე გაცნობიერებულია. როცა ადამიანმა იცის, რა უნდა, შეგნებულად ეძებს ისეთ ფსიქოტიპს, ვინც მისთვის არის საინტერესო; რაც უფრო ასაკში შედის ადამიანი, სიყვარული მეტად გაცნობიერებულია და გრძნობა ხდება უფრო „ბრძენი”. ადამიანმა იცის, რა შინაარსის არის მისი მოთხოვნილებები და, შესაბამისად, იყვარებს მისთვის შესაბამის ობიექტს. როგორც მეცნიერები ამბობენ, ემოციის გაჩენას სჭირდება 90 წამიდან 4 წუთამდე დრო – ეს, რა თქმა უნდა, არ არის სიყვარული, თუმცა, არის მისი წინაპირობა.


– ამბობთ, რომ სიყვარულის ინტენსივობა 36 წლის ასაკიდან იკლებს, თუმცა ჩვენ არაერთი ისტორია ვიცით, როდესაც ადამიანებს დიდი და ბობოქარი სიყვარული ატყდებათ თავს 50 წლის ასაკშიც.
– იმას, რომ 35 წლის ასაკიდან ინტენსივობა იკლებს, განსაზღვრავს ჰორმონები და ქიმია, აქედან გამომდინარე, სუსტდება ფიზიკური მოთხოვნილება, თუმცა, სულიერი კომფორტი, როგორც დამოუკიდებელი ცვლადი, ყველა ასაკში უცვლელი რჩება. 70 წლის ასაკის ბევრი ადამიანი გინახავთ სიყვარულით გაგიჟებული? თუმცა, რა თქმა უნდა, ამ ასაკის ადამიანს აქვს სიყვარულის განცდა. რაც შეეხება თავს დატეხილ დიდ სიყვარულს დიდ ასაკში, აქ ბევრი გარემოება შეიძლება იყოს განმსაზღვრელი ფაქტორი. ადამიანები ერთად ატარებენ 30 წელს, ზრდიან შვილებს, აქვთ კარგი ოჯახი და, უცებ, ან ქალი ტოვებს მამაკაცს, ან მამაკაცი – ქალს. თუმცა, ძირითადად და უფრო თამამად ჩვენს საზოგადოებაში ამ ნაბიჯზე მამაკაცები მიდიან. ასეთ დროს, პირველ ყოვლისა, საქმე გვაქვს მონოტონურობის კრიზისთან, რაც ძალიან სერიოზული პრობლემაა და ბევრ წყვილს უჩნდება.

ასაკში მამაკაცს უჩნდება ახალი, უძლიერესი მოთხოვნა, დაუბრუნდეს იმ ეიფორიულ მდგომარეობას, რაც ახლავს შეყვარებულობის პერიოდს – ეს განცდა მეხსიერებაში ყოველთვის არის დარჩენილი. ასეთი ეიფორია სიყვარულს პირველი სამი წელი ახასიათებს. ამის გამეორების დაუძლეველი სურვილი, გარკვეულ, თუნდაც დიდ ასაკში, იწვევს ობიექტის ძებნის მოთხოვნილებას. როდესაც ადამიანს უჩნდება სურვილი, დაიბრუნოს ის ემოცია, რაც მისთვის საინტერესო იყო, ის მიდის ყველაფერზე, თუმცა სიყვარულის ძებნა მთლიანად ასაკზეც არ არის დამოკიდებული. მე მყოლია პაციენტები, რომლებიც მუდმივად ეძებენ სიყვარულს – ეს დაახლოებით იმას ჰგავს, როცა ადამიანი ნარკოტიკზეა დამოკიდებული. მათ მოსწონთ სიყვარულზე დამოკიდებულება, თუმცა, არიან ისეთებიც, ვისაც ეშინია სიყვრულის, რაც ძალიან დიდ ფსიქოლოგიურ პრობლემებთან არის დაკავშირებული.

 
Σχόλια

Δεν υπάρχουν ακόμα σχόλια.
Πρόσθεσε ένα σχόλιο για να ξεκινήσεις τη συζήτηση!

Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά