როგორ მინდა ყველაფერი ერთ ამოსუნთქვაში გვარდებოდეს
26, Tbilisi, Γεωργία

იმ დღეს უბრალოდ ვიჯექი და ვტიროდი.. განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, უბრალოდ მხოლოდ მაშინ მოვახერხე ყველაფერზე ერთად ფიქრი და შედეგმაც არ დააყოვნა.

სიხარულის ცრემლები არ ყოფილა, თუმცა მაინც მადლობელი ვიყავი იმიტომ, რომ რაღაც მაინც გამაჩნდა.
სულ რომ არაფერი, ვხედავდი, მესმოდა, ვსაუბრობდი და ვგრძნობდი კიდეც. თუმცა ალბათ ამ ოთხიდან, ვისურვებდი ბოლო გრძნობის შესაძლებლობა არ მქონოდა.
ყველაფერი ერთად დამატყდა თავს.

შარშანდელი ზაფხული, წლევანდელი ზამთარი და კიდევ მომავალი წლის შემოდგომაც.
ყველაფერზე ერთად მქონდა საფიქრალი.
როგორი ბედნიერი ვიყავი მაშინ, როგორი სევდიანი ახლა და როგორი უბედური მომავალში..

შესაძლოა მხედველობაც წაერთმია ღმერთს ჩემთვის, სმენის უნარიც, საუბრის შესაძლებლობაც, თუმცა ზუსტად ვიცი, გრძნობებს არასდროს წამართმევდა და სწორედ ეს იყო ჩემი სასჯელიც.
ასეთი უბადრუკი, ცხოვრებაში არ ვყოფილვარ. რა მიქენით? რატომ? მე ხომ არავის არაფერს ვუშავებდი, ვიყავი ჩემთვის.. ვსუნთქავდი, ვცხოვრობდი, მიყვარდა..
რატომ წამართვით ყველაფერი?! რა დაგიშავეთ?
ადამიანები ერთმანეთს აგიჟებენო, კლავენო, სიცოცხლეს უმწარებენო, მაგრამ მე არც მკვდარი ვარ, არც გიჟი. პირიქით - ყველაზე ნორმალური ვარ და სწორედ ამაშია პრობლემა.

ყოველთვის ვფიქრობდი, იქნებ გიჟი ადამიანები ყველაზე ჭკვიანები არიან-მეთქი. თავიანთ უსასრულობაში ცხოვრობენ და არ სჭირდებათ თქვენი ნაბოდვარი სიტყვების უაზრო რახარუხი.
ზუსტად იციან ვინ ხართ, არ მოგცემენ მათი გულის ტკენის საშუალებას.
ღმერთს ეხვეწებიან, არ დამტოვოო და თვითონ ტოვებენ საკუთარ თავს.
ეს არის სამართალი?
რამდენი წლის ხარ?! მითხარი.. ათის? თხუთმეტის? ოცდახუთის? მითხარი-მეთქი. და აქედან რამდენი წელი გახსოვს ბედნიერი? უფროსწორად რამდენი დღე, რამდენი საათი, რამდენი წუთი?!

როგორ მინდა ყველაფერი ერთ ამოსუნთქვაში გვარდებოდეს. სუნთქვის მეტს საერთოდ აღარაფერს გავაკეთებდი. არც მეყვარებოდა და აღარც ჩემს პრინციპებს გადავაბიჯებდი უმისამართოდ.
იმ დღეს, მოხუც მეზობლებთან ვიყავი სტუმრად. ისეთი ბედნიერები იყვნენ, შემშურდა. მე კი ახალგაზრდა, ცხოვრებას მოწყურებული, ლეშივით ვიხრწნები ამ დამპალი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლის მოლოდინში.
რა გინდათ? რატომ მაწვალებთ? ხომ ხედავთ, საგიჟეთის კარებს ვარ გამომწყვდეული და მაინც, ყველაზე ნორმალური ვარ თქვენს შორის..

 
Σχόλια

Δεν υπάρχουν ακόμα σχόλια.
Πρόσθεσε ένα σχόλιο για να ξεκινήσεις τη συζήτηση!

Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά