(თეა თოფურიას რამდენიმე ლექსი)
39, Tbilisi, Γεωργία

სიყვარული ხანდახან ასეთიც არის, ღარიბი კაცის მაცივარს ჰგავს. დილით გამოაღებ არაფერია, შუადღეს გამოაღებ - ისევ არაფერი. საღამოსაც არაფერი იქნება, მაგრამ მაინც გამოაღებ, დგახარ, უყურებ, სიცარიელეში ანთებულ შუქს აყვედრი... არადა, რა მაცივრის ბრალია, რომ გშია?! ვისი რა ბრალია, რომ შეგიყვარდა?!

ჩინური ანდაზა

''უნდა იჯდე ფანჯარასთან და მოთმინებით ელოდო, როდის ჩამოატარებს მდინარე შენი მტრის გვამს''. - ჩინური ანდაზა

პირველი გვამი ვერ ვიცანი,
სახე თევზებისგან ჰქონდა შეჭმული,
ტანსაცმელი შემოფლეთილი.

ვერც მეორე,
თუმცა ამას სახე უჩანდა.

მესამე გვამი კარგად მახსოვს,
არ მეგონა მტერი თუ იყო.

მეოთხე - ტალღამ გამოაგდო ნაპირზე
ჩემი დასამარხი გახდა.

კიდევ ერთი - ქვებს წამოედო,
სახეს დავხედე, ვიდრე ისევ დინებას გავატანდი.
მისი გამოჩენა აქ ბევრს გაუხარდება...

მომდევნოს შორიდან მოვკარი თვალი
და პირდაპირ წყალში შევეგებე.
ჩავიხუტე, სანამ დავმარხავდი,
მერე დავმარხე
და მერე უკვე სულ ერთი იყო,
კიდევ ვის ჩამოატარებდა მდინარე.

გაზაფხულზე, წყალდიდობისას
ტალღებზე დავწექი და
მეც ჩამატარა.
სულ ვხედავდი, ვინ მელოდა ჯებირთან, ხიდზე
ვინ ფანჯარასთან...

უზარმაზარ, მკვდრებით მოფენილ ნაპირზე გამოვირიყე.

მზე მწველი იყო,
ოკეანე მშვიდი,
ყველგან ქვიშაში ამოგანგლული გვამები ვეყარეთ
და მახსოვს ვფიქრობდი,
აი, თურმე სად ყოფილხარ, ღმერთო,
სად ყოფილხარ, როცა ვტიროდი და ვწუწუნებდი,
როცა მეშინოდა, მიყვარდა და გეძებდი,
როცა წყალში ვიდექი სველი.
თურმე აქ იყავი, ამ ნაპირას
და ჩვენ ყველას მოთმინებით გველოდებოდი.

***
სულ იოლია, თვალივით ჩაწყდეს და მერე სისხლიც მიახმეს ძარღვებს, როდესაც,,დღეა სოფელზე გრძელი" და დღეზე უფრო გრძელია ღამე.

როდესაც დროა, წახვიდე სახლში, შინ იყო მაშინ, როდესაც მოწვიმს. ვიღაცა ნატრობს, მოვიდეს წვიმად, მე ვნატრობ, წვიმის მაგივრად მოდი.

ბონსაი

მთელი ხელოვნებაა ბონსაი,
აქციო დიდი პატარად,
ჩამოიყვანო სიყვარული მეგობრობამდე.
ჯერ ხელებს დააჭრი ძირში,
რომ ვერ მოგეფეროს,
მერე მოაწყურებ,
არ აყვავდეს გაზაფხულზე დიდი ყვავილებით.
წლები უნდა, თორემ ისე,
გამოცდილია,
უსათუოდ გახდება ჯუჯა.
გავა დრო და
გექნება ბაღი ჯუჯა ხეების,
სადაც ბევრმა დაივიწყა,
ახლა კი მორიგი ნერგი ივიწყებს,
როგორი იყო აფრიკაში ბაობაბი,
დიდი ხე, დიდი სივრცის პირას,
იმის იქით სიცარიელე...
მორიგი ნერგი ივიწყებს ამას...
მერე კი,
როცა ბაღის თავზე აგვისტო მოვა,
როცა მოგშივდება, იმდენად რომ წყალსაც შეჭამდი,
როცა მიხვდები,
რომ ბონსაის არა აქვს ხილი და ჩრდილი
შენ გაიხსენებ,
იმას, რასაც ის ივიწყებდა.

ნალის შეჭამანდი

ეს კერძი სიღარიბემ მოხარშა.
„არაფერი მაქვს,
რაც შენ დაგანაყრებს“. - მითხარი და
მეც ჩავაწყვე ნალები ქვაბში.
ჩავამატეთ ფქვილი, კვერცხები.
ათასი რამე ჩავამატეთ,
ვითომ არ გქონდა...
დიდხანს ვადუღე,
მაგრამ დღემდე ჟანგს იკიდებს ჩემი ვახშამი.
რკინის გემოს ტუჩებიდან ვეღარ ვიშორებ.
ძალით ვჭამ,
მერე რაც დარჩება,
დიდი ქვაბიდან
საღამოსკენ ვასხამ მომცროში,
მერე კიდევ უფრო მომცროში
და ასე
მე შენს მონატრებას ვაპატარავებ.

 
Σχόλια

Δεν υπάρχουν ακόμα σχόλια.
Πρόσθεσε ένα σχόλιο για να ξεκινήσεις τη συζήτηση!

Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά