დიტო გელოვანი. ეს რა იკადრა მფრინავმა მიშამ.
59, Tsageri, Γεωργία

დიტო გელოვანი: ეს რა იკადრა მფრინავმა მიშამ
a12203.jpg
12:03 09.04.2012
[დიტო გელოვანი. ის, რაც ხდებოდა წინა კვირაში - “ვერსია“]

– აბელი რომ გერქვა, არქიფი რატომ დაირქვი? – ლაპარაკის ხასიათზე იყო სეთური და, კითხვა თუ იყო, ახლა უნდა მეკითხა.

– რატომ და, აბელი ბერძნულად რას ნიშნავს, თუ იცი? აბელი ნიშნავს... მომაწოდე, ეგერ რომ წიგნი დევს, თუ კაცი ხარ... მასე. აგერ, ა! მოფუსფუსე, შეწუხებულ კაცს ნიშნავს და, სხვაფრად, არარაობას და მოჩვენებას... ბნელი ხალხი იყო ჩემი მშობლები, არ იცოდნენ ეს. ახლა, არქიფო... არქიფო! აგერ, ა, თავლის უფროსს, ცხენთა უფროსს ნიშნავს არქიფო.

– შენმა ხალხმა თუ იცის, ცხენების და თავლის უფროსი რომ დაირქვი?

– იცის, აპა რავა გგონია შენე?! ხალხს თუ უთხარი – ადამიანი ხარო, რას გეტყვის, თუ იცი? ადამიანი თუ ვარ, მაშინ მეც შემიძლია შენი მაგიერობა გავწიო და გამოდი მაქედანო. გამოხვალ, დაჯდება შენს მაგიერ და გაუბედურდება. ცხენი და სახედარი ხარ–თქვა, უნდა ელაპარაკო! ადვილად იჰერებენ ამას. თვითონაც იციან, ასე რომაა, იჯერებენ და წესიერად და ბედნიერად არიან. ასეა ეს, მარა პირდაპირ არ უნდა ელაპპარაკო, შეპარვით უნდა უთხრა, ქარაგმით!..

(ჭაბუა ამირეჯიბი, „დათა თუთაშხია“)

კი, კი, სულ ეგრე უნდა ეძახო – ძაღლი, ღორი, ვირი და სახედარი და ისიც ასპროცენტიანია, რომ შეპარვით უნდაუთხრა, ქარაგმით. ანეკდოტიც მოსულა. ორი კაცი რომ გეტყვის, ფეჩი ხარო, ბოლი უნდა გამოუშვა, მაგრამ თუ ორი კაცის მაგივრად ერთი არაკაცი გაბოლებს, როგორ უნდა მოიქცე ამ შემთხვევაში?

ჯერ ის ვთქვათ, რომ ბოლს ფეჩი უშვებს და...

საქართველოს პრეზიდენტი არის ფეჩი.

სააკაშვილი ფეჩია და...

ნუგზარ წიკლაური არის შეშა. კობა ხაბაზიც შეშაა და კიდევ ბევრი სხვაც.

შეიკეთებს ხოლმე მიშა ნუგზარას და უშვებს ბოლს. როგორც გასულ კვირაში, საგურამოში...

„ბოლო წლის განმავლობაში პირადად მე 4-5 ქარხანა გავხსენი. თუმცა, ბევრად მეტი ქარხანა და საწარმო გვჭირდება. რეგიონებში ასეთი ფუსფუსი, როგორიც ახლაა, არასოდეს მინახავს. ყველა ფიქრობს, რა ახალი გადამამუშავებელი საწარმო გახსნან და ბიზნესი შექმნან. საზოგადოება მიხვდა, რომ ყველაფერი მათ ხელშია. უცხოელები ჩვენს საქმეს ვერ გააკეთებენ. ჩვენ ყველაზე მეტად გვიყვარს ჩვენი ქვეყანა და ჩვენ უნდა გავაკეთოთ საქმე“ – ფეჩმა ბოლი საგურამოში, ახალი ლუდასახარშის გახსნაზე გამოუშვა, და თუ გავიხსენებთ, რომ მის მიერ გახსნილი ქარხნები ზოგი საერთოდ არ ამუშავებულა და ზოგიც ორ კვირაში დაიხურა, თავისთავად გაგვიჩნდება კითხვა – ჩვენს მიერ გახსნილ „ზედაზენში“ ლუდი აღმოჩნდება თუ კატის ფსელი?

ნუ ეწყინებათ „ზედაზენის“ შემქმნელებს, მაგრამ იმ ქვეყანაში, სადაც ნაყარ–ნუყარები პარლამენტში სხედან, სადაც ლადო ვარძელაშვილი და ვერა ქობალია მინისტრები არიან და სადაც დომენტი სიჭინავა ფეხბურთის ფედერაციას ხელმძღვანელობს, არ არის გამორიცხული, რომ კატის ფსელი ლუდად შემოგვასაღონ.

ხომ შემოგვასაღეს ერთხელ დამარცხება გაარჯვებად? ხომ იზეიეს სრული კატასტროფა და ნატომ მაპზე უარი რომ გვითხრა, ხომ დაგვამშვიდეს – მაპზე უკეთესი მივიღეთო?

ჰოოო და, ახლა, ჩიკაგოს სამიტის წინ, ერთმა ქინძმა ჩინოვნიკმა (გვარი არ მახსოვს, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს – ყველანი ქინძები არიან) რომელიღაც ნაციონალური არხზე (არ მახსოვს, როელზე, მაგრამ არც ამას აქვს მნიშვნელობა – ეგენიც ყველანი ქინძები არიან) თქვა, მართალია ნატოში არ მიგვიღებენ, მაგრამ უფრო მაგარი რამე მოხდებაო.

ვააა... მოდი და იმკითხავე. ნატოში არ მიგვიღებენ, მაგრამ ნატოს წევრობაზე მაგარი რა უნდა იყოს?! აფხაზეთს დაგვიბრუნებენ და თან ბოდიშსაც მოგვიხდიან? ეს მართლა მაგარი იქნებოდა, მაგრამ ეგ – ჩვენთვის და იმ ჩინოვნიკისთვის რა უნდა იყოს „უფრო მაგარი რამე“? ალბათ, შერონ სტოუნი ჩამოვა და ალბათ მოქალაქეობასაც მისცემენ. ეს ნაციონალები ვიღაც–ვიღაცეებისთვის ძალან იოლად იძლევიან რაღაც–რაღაცეებს. მაგალითისთვის, ავიღოთ (და ხრამში გადავაგდოთ) ნათია მოგელა–ნდები–ძე და მის შესახებ გავრცელებული ერთი ნიუსი:

„კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსმა ნათია მოგელაძემ მიმდინარე წელს ხელფასზე მეტი პრემია მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა (IDFI) აქვეყნებს. IDFI–ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2011 წლის განმავლობაში საქართველოს კონტროლის პალატის ხელმძღვანელის, ლევან ბეჟაშვილის მიმართ გაცემულმა პრემიის საერთო ოდენობამ, 20 280 ლარი შეადგინა, თავმჯდომარის პირველი მოადგილის, შოთა თარხნიშვილის პრემიის საერთო ოდენობამ – 33 160 ლარი, თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი ლაცაბიძის პრემიის საერთო ოდენობამ – 32 800 ლარი, დევი ვეფხვაძის პრემიის საერთო ოდენობამ კი 27 600 ლარი შეადგინა. ხოლო პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის, ნათია მოგელაძის მიმართ 2012 წლიდან 16 თებერვლისთვის გაცემულმა ხელფასმა 2000 ლარი, პრემიამ კი 2530 ლარი შეადგინა“.

ნათია მოგელაძეზეა ნათქვამი – მიეცი და მოგეცემაო.

გასულ კვირაში სააკაშვილმა მაგარი კომენტარი მისცა და საქმე ისე გამოიყვანა, თითქოს სომალიში და აფხაზეთში დაკავებული მეზღვაურების გათავისუფლება სულ მისი მუხლჩაუხრელი და რუდუნებით გაჯერებული უანგარო შრომის შედეგი იყოს. ეს იმას მოაყოლა, მალაიზიაში დაკავებულ დარეჯან კოხტაშვილს ჩამოხრჩობის ნაცვლად ექვსი წელი ციხე რომ იუსაჯეს. ექვსიდან ორი უკვე მოხდილი აქვს და, არ დავუკარგავ, ეს მართლაც ნაციონალების დამსახურებაა. ასე რომ, დარჩა ოთხი წელი და ეს ეპოპეა ალბათ ღირსების ორდენით დაგვირგვინდება

„ეს ნათლად მიუთითებს, რომ საქართველო თავის მოქალაქეებს არსად დატოვებს. ჩვენ უკვე სახელმწიფო ვართ. ის დრო, როცა საქართველოს მოქალაქეს მომკითხავი არ ჰყავდა, მისი ბედი არც ხელისუფლებას და არც დიპლომატიურ წარმომადგენლებს აღელვებდათ, დასრულდა. ახლა ყველაფერი შეცვლილია - განაცხადა ფეჩმა – გიორგი კარბელაშვილის დახმარებით გამოვგლიჯეთ საოკუპაციო ხელისუფლებას ჩვენი მეზღვაურები, რომლებიც მძევლად ჰყავდათ აყვანილი საქართველოს ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში. კარბელაშვილმა ისინი სომალელი მეკობრეების მიერ დატყვევებული მეზღვაურების მსგავსად გამოიხსნა მაშინვე, როგორც კი ტროპიკული მალარიისგან განიკურნა“.

საერთოდ, ძალიან საინტერესო კომენტარები კეთდებოდა და ყოველ მათგანში აუცილებლად ფიგურირებდა ისეთი ცნობილი ქართული სიტყვა, როგორიც არის „უპრეცენდენტო“ – „მალაიზიის სასამართლომ უპრეცენდენტო გადაწყვეტილება მიიღო“, „საქართველოს ხელისუფლების უპრეცენდენტო თავდადება რომ არა...“ და ა.შ.

ანუ, რა გამოდის – კოხტაშვილს მართლაც გადაჰქონდა ნარკოტიკები და კარბელაშვილმა მალაიზიის სასამართლოს გული მოულბო? მაგრამ კოხტაშვილი ამბობს, არანაირი ნარკოტიკი არ გადამქონდაო, კრისტალურად სუფთა ვარო და თუ კოხტაშვილი მართალია, გამოდის, რომ ცამდე მართალს ექვსი წელი მიუსაჯეს.

აი, ახლა კი მეც გამოვიყენებ ცნობილ ქართულ სიტყვას – ცამდე მართალ დარეჯან კოხტაშვილს მალაიზიის სასამართლო გათავისუფლებას უპირებდა, მაგრამ სქაართველოს ხელისუფლების უპრეცენდენტო ჩარევის შემდეგ მას ექვსწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

აბა რა – ხომ უნდა ეტრაბახათ, გადავარჩინეთო.

კარბელაშვილთან ერთად მალაიზიაში პროკურატურის წარმომადგენელიც იმყოფებოდა, ვინმე საყვარელიძე და, გვარს არ დავასახელებ, მაგრამ პროკურატურის ერთ მაღალჩინოსანზე მითხრეს, თავის საცოლეს სახლში მოსასმენი აპარატურა დაუმონტაჟაო. „დათა თუთაშხიადან“ გეხსომებათ, რომ ყანდურმა თავის საცოლეს საკაბე მოპარა და ამის გამო ციხეშიც აყურყუტეს. ახლა სხვა დროა, ეგეთებს აწინაურებენ.

ჰო, მაგრამ ყველაზე მაგარი მაინც მიშას ეს სიტყვები იყო – „საქართველო თავის მოქალაქეებს არსად დატოვებს“.

მაგრამ ამაზე მაგარი ის იყო, გასულ კვირაში ბიძინა ივანიშბილს მოქალაქეობაზე უარი რომ უთხრეს.

„ელვირა ზუკაკიშვილი, რომელიც აქამდე მხტავრულ ტანვარჯიშში გამართულ ტურნირებზე რუსეთის სახელს იცავდა, ამიერიდან, საქართველოს სახელით იასპარეზებს. ამის შესახებ, “მსოფლიო სპორტს” საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა - მერაბ ჩიქობავამ განუცხადა. მერაბ ჩიქობავა:“ეროვნული ჩემპიონატი ძალიან კარგად წარიმართა. ბევრი ახალი, პერსპექტიული ბავშვი გამოჩნდა, რაც ნაკრების ჩამოყალიბებაში დაგვეხმარება - ნაკრების, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს. მინდა აღვნიშნო, რომ ელვირა ზუკაკიშვილს, რომელიც აქამდე შეჯიბრებებში რუსეთის სახელით მონაწილეობდა, გუშინ, საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა და ახლა ჩვენი სახელით იასპარეზებს”.

ხოლო ბიძინა ივანიშვილს მოქალაქეობაზე უარი ეთქვა, რადგან, როგორც ფეჩი–მიშა და შეშა–ნუგზარა, ირწმუნებიან, ივანიშვილი რუსეთის სახელით ასპარეზობს.

სამოქალაქო რეესტრი დასკვნას მთელი 90 დღის განმავლობაში წერდა. წერეს, წერეს და დაწერეს, თუმცა წერა მაინც ვერ ისწავლეს. „ის ფორმები, რომლითაც ივანიშვილი მოქალაქეობის მიღებას ცდილობს, არ არის სწორი გზა, რომლითაც უნდა ეცადო ამ უფლების დაბრუნებას. ნატურალიზაციის გზით მოქალაქეობის აღდგენის გზა გამართლებული არ არის“, – აღნიშნა ცხოვრებაში სწორი გზით მოსიარულე გივი თარგამაძემ და სიტყვა მართალი გზით მოსიარულე გიორგი თარგამაძეს გადაულოცა. ოღონდ, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ჯონ ბასმა საქართველოს ხელისუფლებას უთხრა, ხელი მოისვით, იქნებ ბიჭოლასთვის საინტერესო რამე აღმოაჩინოთო. საქართველოს ხელისუფლებამ ხელი მოისვა და გიორგი თარგამაძე შერჩა.

გაზაფხულის თბილი ღამე იყო. ეძინა ქალაქს, მაგრამ არ ეძინათ პალიკო კუბლაშვილს და აკო მინაშვილს. პალიკო სავარძელში იჯდა და კუთხეში მიყუდებულ ოთხ შტატივს და მათზე გადაფენილ ერთ ჩითის კაბას მისჩერებოდა... აკო მინაშვილი საწერ მაგიდას უჯდა, ისიც შტატივებს და ჩითის კაბას უმზერდა, თუმცა დროდადრო თვალს სიდედრის ფოტოსკენ აპარებდა. პალიკოს თავი ულაპლაპებდა. „მირჩიე რამე“ – თხოვა აკომ სიდედრის ფოტოსურათს და მანაც ურჩია.

ჩვენ არ ვართ ნატოში, მაგრამ ნატოს წევრობაზე უფრო მაგარი რამ გვაქვს – ნატოს სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობის უფლება.

ბიძინა ივანიშვილს არ მისცემენ მოქალაქეობას, მაგრამ არჩევნებში მონაწილეობის უფლება მაინც ექნება – ასეთი რამ მოიფიქრა აკოს სიდედრმა. სიდედრმა უთხრა აკოს, აკომ უთხრა პალიკოს, ხოლო პალიკომ უთხრა მთავარ შტატივს.

„ჩვენ მოვითხოვთ ხელისუფლებისგან, რომ საქართველოს პარლამენტში უკვე ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების განხილვის პროცესში აქტიურად იქნას განხილული ჩვენს მიერ შეთავაზებული იდეა, რომელიც ეყრდნობა ევროკავშირის პრეცედენტს და ითვალისწინებს ევროკავშირის წევრი ქვეყნის – საფრანგეთის მოქალაქისთვის, რომელსაც ათი წლის განმავლობაში საქართველოში ცხოვრების ცენზი გააჩნია, ჰქონდეს ის პოლიტიკური უფლებები, კერძოდ, გაიაროს საარჩევნო რეგისტრაცია, მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში, იყოს არჩეული პოლიტიკურ თანამდებობაზე, სათავეში ჩაუდგეს საარჩევნო სიას და ა.შ. რა უფლებებიც გააჩნია საქართველოს მოქალაქის სტატუსის ადამიანებს“ – გიორგი თარგამაძის სიტყვებია.

ბიძინა ივანიშვილმა გიორგი თარგამაძე „ხელისუფლების ადვოკატად“ და „ნაცმოძრაობის დანამატად“ მოიხსენია.

რავი... ამ ხელისუფლებას აწი ვერცერთი ადვოკატი ვეღარ უშველის, რაც შეეხება „ნაცმოძრაობის დანამატის“ სტატუსს, ერთ მშვენიერ დღეს ნაცმოძრაობა ხელს მოისვამს და შტატივი შერჩება.

ახლა, თქვენ მკითხავთ, ბოლო–ბოლო რომელი შერჩება, შტატივი თუ თარგამაძეო, მაგრამ... ვამბობთ ლენინს და ვგულისხმობთ პარტიას.

ვამბობთ კოკა გუნცაძეს და ვგულისხმობთ უამრავ პარტიას, ხოლო გასული კვირის შემდეგ – „ამომრჩეველთა ლიგას“, რომელიც გასულ კვირაში ჩემთვის ღრმადპატივცემულმა ადამიანებმა და პლუს კოკა გუნცაძემ დააფუძნეს.

გია ყარყარაშვილი, ნანა შონია, ზაზა პაპუაშვილი, შოთიკო გლურჯიძე, კახა მიქაია, ნანა ფაჟავა... – დიდებული ადამიანები, ხალხი – ლეგენდა, მაგრამ... „ყვარყვარეში“ რომ არის, ხომ გახსოვთ – „ამ ქალს ბოვში არ ეყოლება“... როდესაც „ქართული პარტია“ შეიქმნა და დამფუძნებლებში გუნცაძე ამოვიკითხე, ზუსტად ეს სიტყვები ვთქვი – „ამ პარტიას ბოვში არ ეყოლება“. ახლაც ამ აზრზე ვარ, თუმცა, შეიძლება ვცდები კიდეც. ღმერთმა ქნას.

დაახლოებით ეგეთი ამბავი – ქეთი დოლიძე „ქართული ოცნების“ წევრი გახდება. კიდევ ერთი დაახლოებით ეგეთი ამბავი – „ზუმბას“ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობა სურს.

სხვათა შორის, „შომპოლს“ ქართულად „ზუმბა“ ეწოდება. ქართულ–რუსულ ინგლისურად რომ ვთქვათ, შომპოლს ბორდის წევრობა მოუნდა. გია ჭანტურია ხელს რომ მოისვამს, შომპოლს აღმოაჩენს.

ისე, ბორდის წევრობა არა, მაგრამ სხვა რამე რომ შევთავაზოთ?..

„პირველივე კანონპროექტი, რომელსაც „ახალი მემარჯვენეები“ ახალი მოწვევის პარლამენტში შევიტანთ კანონი „სოფლის შესახებ“ იქნება“ , - ამის შესახებ „ახლების“ ლიდერმა დავით გამყრელიძემ თერჯოლის რაიონის სოფლების ქვედა სიმონეთისა და ჭოგნარის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

კაროჩე, სიმონ, ტო... როგორც ჩანს, კუბლაშვილმა გამყრელიძე საბოლოოდ დაარწმუნა, რომ „კანონი ოქროს სარაიების შესახებ“ მალე შევა ძალაში, და რომ პირველივე ოქროს სარაიას ნაცები „ახლებს“ აუშენებენ, ოღონდ თავისას რომ მორჩებიან, მას შემდეგ.

ოქროს სარაიას არ ითხოვს, მაგრამ ერთი მცირე ზომის ქვა, თბილისელი სომხების ლიდერს, არნოლდ სტეპანიანს, დიახაც რომ უნდა.

„სომეხი ეროვნების საქართველოს მოქალაქეები წარმოვადგენთ რაოდენობით მეორე, ხოლო თბილისში პირველ ეროვნულ უმცირესობას და დღემდე არ გვაქვს ქვეყნის დედაქალაქში სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნიასადმი მიძღვნილი რომელიმე ძეგლი-სიმბოლო. ჩვენ, ქვემოთ ხელმომწერნი, გთხოვთ გაითვალისწინოთ ჩვენი სამართლიანი მოთხოვნა - ნება დაგვრთოთ და თბილისში გამოგვიყოთ შესაბამისი ტერიტორია 1915-1923 წლების სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალის დადგმისთვის“, - ნათქვამია მიმართვაში, რომელიც სტეპანიანმა 26 კომისრის რაიონიდან ორჯონიკიძის რაიონში აფრინა.

მიმართვას ხელს აწერენ: „საქართველოს სომეხთა სათვისტომო“ , „სომეხთა სათვისტომოს სტუდენტური ასოციაცია“, „სომეხთა სათვისტომოს ახალგაზრდული კავშირი“ და „საქართველოს სომეხთა სათვისტომოს მოზარდთა კავშირი“.

ქვა გვინდაო. ეგენი ხომ ქვებით იწყებენ ხოლმე... დადებენ ქვას, დააწერენ სომხურად და მერე ამ სომხური წარწერის სფუძველზე სომხურად გამოაცხადებენ იმ ტერიტორიას, რომელზეც ის ქვა იქნება აღმოჩენილი.

სამაგიეროდ, კონიაკი აქვთ კარგი და კათალიკოსი ყავთ კეთილი.

ჰოდა, როცა მატარებლის ფანჯრიდან იაპონელი ლეპტოპს გადააგდებს, ხოლო სომეხი ერთ ყუთ კონიაკს, ჩვენც მივდგეთ–მოვდგეთ, მივიხედ მოვიხდოთ.

გადასაგდები ჯერ კიდევ ბევრია.

კარგად იყავით, კეთილად ბრძანდებოდეთ

მ.ა.ა (მიშა, ანუ არქიფო) „ისე, რომ თქვას ადამიანმა, არ ვქენი ღვთისნიერი საქმე, ასინეთა ენის მისატანად რომ გავაგზავნე, ხომ ასე გამოდის ვითომ? მარა, სინამდვილეში სწორედ ღვთისნიერ საქმეს ვაკეთებ მათთვის: ნდობა აღარ ექნებათ ერთმანეთის, მარტო იქნებიან, რამდენიც არიან, და ყველა სათითაოდ მოერიდება პირის შეკვრას, ცუდ საქმეს და გაუბედურებას. ბრალი ჩემი, რომ ეშმაკობა მიხდება და გაწვალებული ვარ, მარა სხვისთვის კაი საქმის გაკეთება ძნელია, თვითონ თუ არ დაიჩაგრე და თუ არ დაიტანჯე. დაინანებს თავს კაცი – კეთილ საქმეს ვეღარ იზამს...“

(ჭაბუა ამირეჯიბი, „დათა თუთაშხია“)

 
Σχόλια

Δεν υπάρχουν ακόμα σχόλια.
Πρόσθεσε ένα σχόλιο για να ξεκινήσεις τη συζήτηση!

Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά