მცივაააა
44, Tbilisi, Gruzija

მცივა,ჰო, მცივა,
მაგრამ ყინვა სულაც არ არის,
არც გაღმა მთები დაუფარავს თოვლის საფარებს,
უბრალოდ, სულში შემეკედლა ცივი ზამთარი,
სითბოს მართმევს და ყოველივეს ამით ამთავრებს,

სიზმართან მიმაქვს,
იმედების ყრუ ნაპირები,
გაზაფხულის მზე, ვეღარ ანთებს ჩემში სიცოცხლეს,
გთხოვ მაპატიე, ოცნებები დანაპირები,
მე ჩემს თავს ვერ ვცნობ და არ მიკვირს, შენც არ მიცნობდე..

გთხოვ, ნუ წამიყვან
იქით, სადაც ისევ ბინდია,
სადაც მზის მზერა, ყალბია და სხივი ჩამქრალი,
სადაც სიმართლე, დაობებულ ხავსზე ჰკიდია,
ჩაკეტილია გვირაბი და არ ჩანს ნაპრალი,

მე აქ ვარ, მხედავ?
დაფლეთილ გულს ხელებში გაწვდი,
სისხლშემხმარ მკერდზე, გაგიჟებით ვკაწრავ სტრიქონებს,
მე ჩემს ტკივილებს, ზეცამდე და მის იქით აწვდილს,
ისევ ტკივილით ვიყუჩებ და წამალს ვიწონებ,

ისე ცოტა ვარ...
წლები დამრჩა, როგორც ხურდები...
მსურს მიწას ვეგდო, ვიდრე სულში ტალახს მესვრიან,
ჩვენ დაბადება ზიზღს გვგვრის, მაშინ როცა ვრწმუნდებით
რომ ეს სიცოცხლე, თვით სიკვდილზე უარესია

12 pregleda
 
Komentari

Još nema komentara.
Ostavi komentar, započni diskusiju!

Blog
Blogovi se ažuriraju svaka 5 minuta